შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ–ია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. ფონდის ხედვა და სტრატეგია შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“, საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმასა და საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მიმართულებით.
ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. SRNSFG ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საკონკურსო პროგრამას, მათ შორის, 15 ეროვნულ, 10-მდე საერთაშორისო ბილატერალურ კონკურსს და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ 2 მულტილატერალურ პროექტს (Black See Horizon, EaP PLUS).
ფონდს ჰყავს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთან საბჭო ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.
ფონდი აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებას EUROSTAT-ისა და OECD-ის კლასიფიკატორის შესაბამისად:
- საუკეთესო, გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოში
- საქართველოს მეცნიერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ახალგაზრდა მკვლევართა შესაძლებლობების განვითარება
- მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება
- მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის დაფინანსების დივერსიფიცირების ხელშეწყობა